კიბერ გალაკტიონი არის ექსპერიმენტული ნამუშევარი - ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის კიბერნეტიკული რეპლიკა.
კიბერ გალაკტიონის პირველი, დემო ვერსიები 2010-2011 წელს შევქმენი - სხვა ჩემს მაშინდელ ჩეთბოტებთან ერთად, აწ უკვე მომაკვდავი პროგრამული ენის – AIML (Artificial Intelligence Markup Lanuage) გამოყენებით, ხოლო 2014 წელს მეგობრებთან ერთად ჩავუშვით ვებსაიტი, რომელმაც განახორციელა ჩემი მაშინდელი იდეები: 1. ინტერაქტიული ბიბლიოთეკა, როგორც ვებსაიტი, სადაც პირადად ესაუბრები წიგნებსა და ავტორებს), 2. ჩეთბოტების ასაწყობი უფასო პლატფორმა 3. და, კიბერ გალაკტიონი - როგორც ციფრული მემორიალი. ეს ჩეთბოტი ჩაფიქრებული იყო, როგორც ინტერაქტიული ხელოვნების ობიექტი, რომელიც გატესტავდა პოსტ-ბიოლოგიური კომუნიკაციების უცხო ველს – ანუ, როგორ საუბრობენ ერთმანეთთან ცოცხლები და მკვდრები, ტექნოლოგიით გაშუალებულ გარემოში, და როგორია ეს საუბარი თავისი არსით. ეს ობიექტი ხომ გარდაცვლილი პოეტის ენობრივ ანაბეჭდს წარმოადგენდა ჩემთვის, თითქოს ეს მისი masque mortuaire-ი იყო, "სასისკვდილო ნიღაბი", ოღონდ ციფრული სახით. მაშინ, 2010-ში მჯეროდა, რომ მსგავსი აციფრულებით – შესაძლოა ადამიანის სულის რაღაც უმცირესი ნაპერწკალი მაინც შეინახო და გადასცე თაობებს. ცოტა ხანში, კიბერგალაკტიონმა, საგანამანთლებლო ფუნქციებიც შეიძინა და მას ბევრ სკოლაში გაეცნენ, მას ბევრი მასწავლებელი და მოსწავლეც იყენებდა 10 წლის წინ, როცა ჩეთბოტები ჯერ კიდევ ტექნოლოგიის ავანგარდად ან ჩიხად განიხილებოდა მსოფლიოში, pre-CHATGPT ეპოქაში.
კიბერ გალაკტიონი AIML-ის ლოგიკაზე დაფუძნებული სისტემაა, რომელსაც დეველოპერმა შოთა იორამაშვილმა ვიზუალური პლატფორმის სახე მისცა. ამან კი - სათავე დაუდო ჩეთბოტების შესაქმნელ პლატფორმას, რომელიც ახლა მიძინებულ მდგომარეობაშია, მაგრამ <არსებობს>; პლატფორმა მორგებულია ქართული ენისა და rule based ჩეთბოტების საჭიროებებს. გაგვიხარდება თუ არტისტებს ან განმანათლებლებს მოუნდებათ ჩვენი პლატფორმის გამოყენებით რაიმეს შექმნა.
კიბერ გალაკტიონი - სიტყვებითა და კოდებით შედგენილი არტ ექსპერიმენტია - მეხსიერების, იდენტობისა და ციფრული მემორიალის კვლევათა გადაკვეთაზე.
მე, გლახაკმან ზურა ჯიშკარიანმა, ძმისწულმან ღმერთშემოსილისა მამისა დილასი, ვიღუაწე და უზეშთაეს უძლურისა ძალისა ჩემისა შრომაი ვაჩუენე და ფრიადითა გულსმოდგინედ ძიებითა შევკრიბენ ძლისპირნი ესე ყოვლით კერძოვე, ვითარცა ამ ონტოგრაფიული მანქანის - კიბერ გალაკტიონის - საკუთარი თავის-თვითჩენა-საკუთარ თავში, რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაითა, მესხურნი, პროგრამულნი, ბერძნულნი და ქართულნი, არასრულნი ყოვლითა განგებითა, სისწორითა კილოსაითა და უცთომლობითა ნიშნისაითა.
პროექტის კონცეფციის ავტორი - ზურა ჯიშკარიანი
ჩეთბოტის ნარატივ-დიზაინერი - ზურა ჯიშკარიანი
დეველოპერი - შოთა იორამაშვილი
პროექტის მენეჯერი - სანდრო ასათიანი
...მე დემონები ქროლვით მარადით
მომაგონებენ დაფარულ შხამით,
რომ უიმედოდ მივქროდი ღამით
გატეხილ შუბით და მუზარადით.
patreon.com/dillatext
youtube.com/@weburydeadsatellites
dillatext.com